რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სიაში პირველ ადგილზეა
გვინდა, მივცეთ მკაფიო სიგნალი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელესკანუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენთვის, რუმინეთისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი დღის წესრიგში შესულია მომავალ თვეში დაგეგმილი მინისტრების შეხვედრისთვის მზადების საკითხი. ჩვენ გავაგრძელებთ ფინალური დოკუმენტის მიღების იდეის მხარდაჭერას, რომელიც შეაჯამებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის არსების 10 წლის განმავლობაში გაკეთებულ სამუშაოს, რომელშიც ასევე საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენი პარტნიორების ტერიტორიებზე განხორციელდება. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს პარტნიორებს მათი ძალისხმევის გაგრძელებისკენ“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც დღეს პრაქტიკულად ძალიან კარგ მდგომარეობაშია. თეოდორ მელესკანუს განცხადებით, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სიაში პირველ ადგილზეა.
„ჩვენ გვინდა, მივცეთ მკაფიო სიგნალი, რომ ყველა ამ პარტნიორს აქვს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ამავე დროს, რაც შეგვიძლია, არის ყველა ამ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერა, რადგან ეს ცვლილებები არა ამ ქვეყნებისთვის, არამედ ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის“, – განაცხადა თეოდორ მელესკანუმ.