რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ მიმართავს შესაბამის მინისტრებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ
რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ მიმართავს შესაბამის მინისტრებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა, რომ ის მიმართავს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ ერთობლივი ბრძანების მიღების მოთხოვნით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე კვირას უკრაინის პრემიერ-მინისტრისგან ელოდება წინადადებას მარცვლეულის ექსპორტის ლიცენზირების შესახებ, რომელსაც ის შემდეგ განიხილავს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გახანგრძლივდეს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, „უკრაინიდან რუმინეთში არცერთი კილოგრამი ხორბალი არ შემოტანილა“.

„თუ იქნება მოთხოვნა რუმინეთში ექსპორტზე, აუცილებლად ვთხოვ აგრარული პოლიტიკისა და ეკონომიკის მინისტრებს, მიიღონ ერთობლივი ბრძანება, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს 30 დღით, ვიდრე ყველაფერი დაზუსტდება“, – აღნიშნა რუმინეთის პრემიერმა.

გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ არ გაახანგძლივებს შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე.

პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს ცალმხრივი შეზღუდვების შემოღება, ვარშავაში კი განაცხადეს, რომ მათი შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით დარჩება.