რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ დაიწყო
რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ დაიწყო

რუხის სავაჭრო ცენტრში სტარტი აიღო სპორტულ- კულტურულმა ფესტივალმა „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“.

ფესტივალი გაიხსნა 2.5 კმ მარათონით, რომელშიც 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები ოკუპირებული აფხაზეთიდან.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

სამახსოვრო თასები და მედლები გადასცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონია, და ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.

ფესტივალის მონაწილეებს მიმართა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„მოხარული ვარ, რომ ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სწორედ რუხის სავაჭრო ცენტრში იმართება. ეს ერთთვიანი ფესტივალი იქნება მრავალფეროვანი, ხელს შეუწყობს რეგიონის გააქტიურებას, რუხის სავაჭრო ცენტრის, რეგიონის ჰაბის განვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, გამყოფი ხაზის გასწვრივ, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმოსვლას”, – განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ფესტივალი გახდება ტრადიციული და ის ყოველწლიურად გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, ფესტივალი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

„ფესტივალი ნაცვლად დაანონსებული ერთი თვისა მთელი ზაფხული გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან შონიამ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები.

ფეხბურთის მოყვარულებს კი საშუალება ექნებათ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე უყურონ.

ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: რუხის სავაჭრო ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.