რუხის საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული, მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი
რუხის საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული, მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი პაციენტი რჩება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, მათგან ორი პაციენტი კოვიდინფიცირებულია.

ქარცივაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტი ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან არის, ხოლო 70 წლამდე მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს, მას „კოვიდ-19“-ის მილევადი ფაზა დაუდასტურდა.

ოთხი პაციენტი საზღვრის კვეთის ისტორიით და საეჭვო სიმპტომებით არიან შეყვანილი საავადმყოფოში. მათ დღესვე ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე, პასუხები გვიან საღამოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, მათ უკვე დატოვეს საავადმყოფო და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სულ კი რუხის კლინიკას 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.