რუხის საავადმყოფოში დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სამი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი სამართალდამცველია
რუხის საავადმყოფოში დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სამი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი სამართალდამცველია

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 64 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებული 63-ია.

კლინიკაში დღეს სამი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს, მათგან ორი მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან. რაც შეეხება მესამე კოვიდინფიცირებულს, ის მარტვილის მცხოვრები სამართალდამცველია. მისი ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ბათუმში ჩატარდა და „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდა. ფაქტი საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებაში დაუდასტურეს.

მათივე თქმით, უკვე მოძიებულია ინფიცირებული პოლიციელის შვიდი კონტაქტი. ინფიცირებული პოლიციელი ბათუმში მუშაობს.

ამასთან, კლინიკაში მოთავსებულია კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც ცხელება აღენიშნება. ის სენაკის მცხოვრებია. პოლიციელს უკვე აუღეს ბიოლოგიური ნიმუში და კორონავიურუსზე მისი ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.