რუხის საავადმყოფოში 15 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, რომელთაგან ოთხი კოვიდინფიცირებულია
რუხის საავადმყოფოში 15 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, რომელთაგან ოთხი კოვიდინფიცირებულია

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში დღეს ექვს პაციენტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, მათ შორის იყო ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შუალედური ტესტირება ჩაუტარდათ. შედეგად, სამი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ დადებითია, ერთი კი უარყოფითი.

ქარცივაძის თქმით, ხვალ ამ ერთ პაციენტს განმეორებით ჩაუტარდება შუალედური ტესტირება კორონავირუსზე და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

რაც შეეხება დღეს გამოკვლეულ კიდევ ორ პაციენტს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

სულ ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში 15 პაციენტია, მათგან ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებული და 11 სხვადასხვა სახის რესპირატორული ჩივილით და ცხელების ნიშნებით.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, როგორც ცნობილია, ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცი და მისი დედა, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელდნენ.