რუხის კლინიკაში 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

11:00, 19.05.2020

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, აღნიშნული პაციენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ასაკოვანი ქალბატონი, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა.

10 კოვიდინფიცირებულიდან ექვსი პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ამას ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.

რაც შეეხება კლინიკაში ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, დღეს ახალ კორონავირუსზე გამოსაკვლევად ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში შვიდი-რვა პაციენტის სინჯი გაიგზავნება. გუშინ ოთხი  პაციენტი გამოიკვლიეს, თუმცა პასუხები უარყოფითი იყო. რუხის კლინიკას საერთო ჯამში ამ დროისთვის 23 პაციენტი ჰყავს.

მსგავსი