რუდი გარსია - წარმატებული მწვრთნელი, რომელიც ჟუნინიოს არ უყვარდა #1TVSPORT
რუდი გარსია - წარმატებული მწვრთნელი, რომელიც ჟუნინიოს არ უყვარდა #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია დანიშნა.

გარსიას საფრანგეთის ჩემპიონატში დებიუტი ფეხბურთელის რანგში „ლილის“ შემადგენლობაში 1983/1984 წლის სეზონში ჰქონდა. შემდეგ თამაშობდა მეორე დივიზიონის ბინადარ „კანში“, პროფესიული კარიერა კი 1992 წელს „მარტიგში“ დაასრულა. 1990-იანი წლების შუა ხანებში საფრანგეთის სამოყვარულო ჩემპიონატში, „კორბეი ესონში“ ასპარეზობდა, სადაც სამწვრთნელო კარიერაც დაიწყო.

1998 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა „სენტ-ეტიენის“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2001 წლის 5 იანვარს რუდი გარსიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯონ ტოშაკი შეცვალა. ის ჟან-გი ვალემისთან ერთად უძღვებოდა გუნდს, მაგრამ თანამდებობაზე მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაძლო.

2002 წლის ივლისში „დიჟონი“ ჩაიბარა და 2003/2004 წლების სეზონის ბოლოს გუნდი ლიგა 2-ში გადაიყვანა. 2007 წელს ლიგა 1-ის „ლე მანი“ ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე გაიყვანა. გარსია ცნობილი „ლილში“ მუშაობით გახდა, სადაც 2008 წლის ივლისში დანიშნეს. პირველივე სეზონში გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე მერვედფინალში გავიდა. მომდევნო სეზონში „ლილი“ ლიგა 1-ში ერთი ადგილით დაწინაურდა, ევროპის ლიგაზე კი 1/16 ფინალში დამარცხდა. 2011 წელს „ლილში“ დუბლი შეასრულა – გუნდი ჯერ ეროვნული თასის მფლობელი გახდა, მალე კი ჩემპიონობა იზეიმა, ისტორიაში მესამედ და პირველად 1954 წლის შემდეგ.

2013 წლის 12 ივნისს გახდა იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელი და დედაქალაქური გუნდი სერია A-ში ორჯერ მეორე ადგილზე გაიყვანა, მაგრამ ტიტულები ვერ მოიგო. 2015/16 წლების სეზონი რომაული კლუბისთვის წარუმატებელი იყო (მეხუთე ადგილი მე-19 ტურის შემდეგ) და 2016 წლის 13 იანვარს რუდი გარსია გაათავისუფლეს.

2016 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად. ამ პერიოდში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში მუდამ ხუთეულში ხვდებოდა, მაგრამ გარსიას მთავარი წარმატება 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში გასვლა იყო, სადაც „ოლიმპიკი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა. 2018/19 წლების სეზონში ფრანგულმა გრანდმა ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა და რუდი გარსია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2019 წლის 14 ოქტომბერს „ლიონი“ ჩაიბარა და ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდა და გაიმეორა 2009/10 წლების სეზონში დამყარებული საკლუბო რეკორდი. გარსიას ფეხბურთელებმა დაამარცხეს „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“, ნახევარფინალში კი მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ. მომდევნო სეზონის ბოლოს ის გუნდიდან წავიდა, რადგან „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. ბოლოს „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟუნინიომ, რომელიც რუდი გარსიას „ლიონიდან“ იცნობს, მასზე ისაუბრა და ასე დაახასიათა – „ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ვიცნობ“.

„ფრანგისთვის გუნდის წარმატებასა და გასახდელში არსებულ ატმოსფეროს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თვითონ იყოს ყურადღების ცენტრში. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, ლეგენდაა და რუდიმ ეს იცის.

ჩემი გამოცდილება, რომელიც გარსიასთან მაკავშირებს, საშინელი იყო. ის არის ყველაზე უარყოფითი ადამიანი, რომელსაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში შევხვედრივარ. ის პატივს მხოლოდ იმ პიროვნებებს სცემს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მათთან ურთიერთობით სარგებლის ნახვა შეუძლია“, – ეს ჟუნინიომ იანვარში თქვა.

რუდი გარსიას მიღწევები:

„ლილი“
საფრანგეთის ჩემპიონი: 2010/11
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2010/11

„მარსელი“
ევროპა ლიგის ფინალისტი: 2017/18

„ლიონი“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი 2019/20