„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 70 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 70 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში სულ გადამუშავებულია 70 ათას ტონამდე ყურძენი – 51 ათასი ტონა რქაწითელი, 13 ათასი ტონა საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 273 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი ჩართულია ღვინის 83 საწარმო.

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონაა.

მიმდინარე წელს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელსა და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.