„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 29 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 213 მილიონი ლარი მიიღეს.

სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3.6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის გადამუშავების პროცესში ღვინის 167 საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0.80 ლარს. კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელზე და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.