„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 19 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 19 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

11 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 19 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 12,3 ათასი ტონა რქაწითელი, 3,8 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 215 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 50 ღვინის საწარმო.

„დღე-ღამეში ყურძნის გადამუშავება 3,5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავების პროცესი, თელავისა და საგარეჯოს გარდა, კახეთის ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელსა და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.