როზარია პულისი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო ურთიერთობების დასტურია
როზარია პულისი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო ურთიერთობების დასტურია

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო ურთიერთობების დასტურია, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულისმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როზარია პულისის თქმით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ ეს არის ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტი საქართველოში.

„იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვლენ სამხედრო კომიტეტის წევრები და წლის განმავლობაში ასევე რამდენიმე მაღალჩინოსნის ჩამოსვლას ველოდებით. საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო ურთერთობებია, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ამის დადასტურებაა. ეს ნათლად აჩვენებს, რა დიდ სამუშაოს ვაკეთებთ ერთად და რამდენად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა როზარია პულისმა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში გაწეულ სამუშაოს შეეხება.

„აუცილებლად ვისაუბრებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები. ასევე შევეხებით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, პარტნიორობასა და ერთობლივ სწავლებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ვიზიტი სწორედ ამ კვირაში მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობისას იმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, თუ როგორი მტკიცეა ჩვენი ურთიერთობები. გენერალური მდივანი ასევე შეხვდება ქართველ ვეტერანებს, რომლებიც დაიჭრნენ ავღანეთში და 2008 წლის ომის დროს. ის გამოხატავს მადლიერებას იმ მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა როზარია პულისმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ დაგეგმვიდან აღსრულების ფაზამდე „ნატო -საქართველოს სწავლება 2019“-ს საქართველოს სამხედრო ძალების სამეთაურო რგოლი ხელმძღვანელობს, როზარია პულისმა განაცხადა:

„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ და ნატო-მ ერთობლივად დიდი სამუშაო შევასრულეთ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს ურთიერთთავსობადობის კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ქართველ სამხედროებს შეუძლიათ ნატო-ს ჯარისკაცებთან მხარდამხარ მოქმედება, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად. ის, რომ საქართველო მეთაურობს სწავლებას, ეს საქართველოს მნიშვნელოვანი აღიარებაა“, – განაცხადა როზარია პულისმა.

როზარია პულისი განმარტავს, რომ მსგავსი მაღალი რანგის ვიზიტები და წვრთნები მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„რუსეთის რეაქციის პროგნოზირება რთულია. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა აქტივობა, რომელშიც ნატო და საქართველო ერთად არიან ჩართულები, მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. ეს მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებისკენ, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი ტერიტორიისა და ხალხის უკეთ დაცვა. ეს არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ამაში არანაირი აგრესია არ არის“, – განაცხადა როზარია პულისმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს დღეს ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.