როზარია პუგლისი - ნატო-ს მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია და უნდა გაგრძელდეს
როზარია პუგლისი - ნატო-ს მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია და უნდა გაგრძელდეს

საქართველოში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და ასეთი საკითხების რიცხვს მიეკუთვნება ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება,  – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგების სემინარზე განაცხადა.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგებისთვის სემინარი სახელწოდებით „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

სემინარზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ საქართველოს სწრაფვაზე მომავალი თაობების ინფორმირების საკითხში პედაგოგების როლზე გამახვილდა ყურადღება.

„საქართველოში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და ასეთ საკითხებს შორისაა ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკური და ევროპული სტრუქტურების მიმართ. ეს არ არის მხოლოდ საგარეო ვექტორი, ეს არის ჩვენი შიდა დღის წესრიგით განსაზღვრული მისწრაფება. მასწავლებლები არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ავრცელებენ ინფორმაციას, არამედ უმთავრეს როლს ასრულებენ მომავალი თაობის ფორმირებაში. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ მიდის რუსული პროპაგანდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და სამწუხაროდ, სახელმწიფო ენის ჯერ კიდევ არაჯეროვნად ფლობა არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მათ ჰქონდეთ სრული წვდომა ინფორმაციაზე, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის შეხვედრები არის ერთ-ერთი საშუალება მათი ობიექტური ინფორმირებისთვის“, –  განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის როზარია პუგლისის განცხადებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია.

„ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები, განსაკუთრებით პედაგოგებთან, რომლებიც არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებიდან. ვცდილობთ, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, გავაგებინოთ მეტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-ს მიზნების, ამოცანების და იმ საქმის შესახებ, რასაც ალიანსი და საქართველო ერთობლივად ვახორციელებთ, ზოგადად მივაწოდოთ ინფორმაცია რეფორმებზე, რასაც საქართველო ახორციელებს. საქართველო საკმაოდ კარგ, ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებს ამ მიმართულებით. ნატო-ს მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები არის შთამბეჭდავი. ეს რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა.

ნინო ბოლქვაძის თქმით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი უკვე მეექვსე წელია, პედაგოგებისთვის სემინარებს მართავს.

„პედაგოგები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია, ვინც გასცემს ინფორმაციას და აუცილებელია, მომძლავრებული რუსული პროპაგანდის პირობებში, მთელს საქართველოში ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და მარტივად არ მოქცენენ რუსული პროპაგანდული მითების გავლენის ქვეშ“, – აღნიშნა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

პროექტი „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. ნინო ბოლქვაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ნატო-ს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 650-მდე პედაგოგი გადამზადდა.