როუზ გოტმიოლერი - ნატო-ს სურს თქვენთან მუშაობა და დაგეხმარებათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
როუზ გოტმიოლერი - ნატო-ს სურს თქვენთან მუშაობა და დაგეხმარებათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

ნატო-ს გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენმდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა როუზ გოტმიოლერს მიმართა კითხვით: „რუსეთის ფედერაცია პირდაპირ ამბობს, რომ არ შეეგუება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ზოგადად, ნატო-ს მის საზღვრებთან ახლოს. პარალელურად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება და მჭიდროვდება. ბოლო ხუთი წელია, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდაზე და ამ საკითხში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალი წევრობის პერსპექტივას და რუსეთის ხისტი პოზიცია ხომ არ შეიძლება, იქცეს ერთგვარ ბარიერად საქართველოს ინტეგრაციის გზაზე”.

როგორც როუზ გოტმიოლერმა აღნიშნა, ნატო მჭიდროდ უჭერს მხარს საერთაშორისო პრინციპებს, რომ ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტონ უსაფრთხოების საკითხი.

„ნატო-ს გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, უცვლელი რჩება. ეს გავიმეორეთ შარშან ბრიუსელშიც და ეს არის აღნიშნული იმ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მივიღეთ. ნატო მჭიდროდ უჭერს მხარს საერთაშორისო პრინციპებს, რომ ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტონ უსაფრთხოების საკითხი. ბევრმა მოკავშირემ დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. უფრო მეტიც, მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ნატო-ს სურს თქვენთან მუშაობა და დაგეხმარებათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ თქვენთან სამუშაოდ მზად ვართ, რომ ამ ამოცანას მივაღწიოთ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.