როუზ გოტმიოლერი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
როუზ გოტმიოლერი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი ემსახურება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნატო-ს მიმდინარე ვალდებულებების ნათელი დემონსტრირება და ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფორმების ხუთი წლისთავს. ეს პაკეტი გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის ქვაკუთხედი საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებისადმი და საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებისთვის“, – აღნიშნა როუზ გოტმიოლერმა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გასულ წელს ნატო-ს ლიდერებმა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო ყველასთვის რეგიონში“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.