საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ბათუმში სტუდენტებს შეხვდა.
გოტმიოლერმა შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრა.
გენერალური მდივნის მოადგილემ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გლობალურ პლატფორმაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა გახდეს ნატო-ს წევრი, გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მათ შორის გამოყო სასამართლო სისტემის რეფორმა, გამოწვევები მედიათავისუფლების კუთხით და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
გარდა ამისა, ნატო-ს გენმდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაწევრიანება ნატო-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსით უნდა მოხდეს და ამ კონსენსუსის მიღწევაზე საქართველომ უნდა იზრუნოს.
ერთ-ერთი შეკითხვა ანაკლიის პორტსაც უკავშირდებოდა, სტუდენტმა იკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. გენერალური მდივნის მოადგილემ უპასუხა, რომ პროექტის შესახებ წაუკითხავს, თუმცა დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.
მისი განცხადებით, რაც უფრო მდგრადი და ჯანსაღი იქნება ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო ძლიერია ქვეყანა ყველა მიმართულებით.
იყო თუ არა შეცდომა, რომ საქართველოს 2008 წელს არ მისცეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, – ამ კითხვაზე გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანების ინდივიდუალური გზა, საქართველოს აქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის წარმატებით შესრულება ქვეყანას ნატო-სთან აახლოებს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.