როუზ გოტემოლერი - საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია
როუზ გოტემოლერი - საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია

თუ თქვენ ყველაფერს აკეთებთ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, აგრძელებთ რეფორმებს და თან პროგრესია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ დამიჯერეთ, ეს არის საუკეთესო პასუხი სკეპტიკოსებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძვლისთვის და არის თუ არა ოკუპირებული რეგიონები მთავარი დაბრკოლება, გოტემოლერი აცხადებს, რომ ნატო-ში ნებისმიერ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციებია საჭირო.

„ეს ეხება მომავალ წევრებსაც, ნებისმიერს სხვა საკითხს, რომელზეც ვმუშაობთ და რაც უნდა გადაწყდეს იმ მაგიდასთან, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ანუ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში. ვგულისხმობ კონსულტაციებს წევრ სახელმწიფოებთან. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს გადაწყვეტილებების მიმღებ მაგიდასთან. ისინი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მაგიდასთან მხარს უჭერენ საქართველოს წევრობას ნატო-ში, მაგრამ ამ მაგიდასთან არიან სხვა ქვეყნებიც, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია.

კონსულტაციები ამ ქვეყნებთან, ძალიან მჭიდრო კონტაქტი, მათი დარწმუნება, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდება – ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც შეიძლება თქვენ მოგცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საუბარი ნატო-ს იმ წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც კითხვები აქვთ და, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ.

მე, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, წევრი ქვეყნების შეშფოთებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შესაძლებელია მათთან საუბარი, მათი დარწმუნება. თქვენ გაქვთ არგუმენტები. მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება.

ძალიან მომწონს სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს, განათლების მიღებას, სამედიცინო მომსახურების მიღებას, სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გსურთ პრობლემების გადაჭრა. ვიცი, პროცესი რთულია. თუ თქვენ აკეთებთ ყველაფერს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და მეორეს მხრივ, აგრძელებთ რეფორმებს და თან პროგრესია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ დამიჯერეთ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი სკეპტიკოსებისთვის“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.