როუზ გოტემოლერი - საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების კუთხით, გააგრძელეთ ეს გზა, რომელიც ნატო-ს წევრობამდე მიგიყვანთ
როუზ გოტემოლერი - საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების კუთხით, გააგრძელეთ ეს გზა, რომელიც ნატო-ს წევრობამდე მიგიყვანთ

საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს გზა მიიყვანს ქვეყანას ნატო-ს წევრობამდე.

„ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მომზადებას წევრობისთვის. საქართველოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება“, – აღნიშნა გოტემოლერმა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, ალიანსი აფასებს საქართველოს მიერ ნატო-ს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას.

„მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ბედნიერი ვარ,  გამოვაცხადო, რომ ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორისაა“, – აღნიშნა როუზ გოტემოლერმა.

მისი შეფასებით, 10 წლის განმავლობაში საქართველომ შეასრულა ცენტრალური როლი ნატო-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში.

„თქვენ გაქვთ პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, ეკონომიკური განვითარებისა და უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, შეირაღებული ძალების მოდერნიზებით. გირჩევთ ამ გზის გაგრძელებას, ვინაიდან ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე“, – განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეს მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეირაღებული ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ასევე, ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის სამხედრო  ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

როგორც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, საქართველო და ნატო ახლოს არიან ისე, როგორც არასდროს.

„მინდა, გავიმეორო ბატონი დავითის სიტყვები და ვთქვა, რომ ჩვენი მუშაობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, როუზ გოტემოლერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.