როუზ გოტემოლერი - მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
როუზ გოტემოლერი - მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

საქართველოს მომავალ წევრობაზე საუბრისას, აუცილებელია, ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია გავიხსენოთ, სადაც ძალიან მკაფიო პოზიცია დაფიქსირდა საქართველოს მომავალი წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს წერია ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში. როდესაც საქართველოს მომავალ წევრობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია გავიხსენოთ. სამიტზე და ალიანსის ლიდერების საბოლოო დოკუმენტში ძალიან მკაფიო პოზიცია დაფიქსირდა საქართველოს მომავალი წევრობის თაობაზე.

ნატო-მ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს მისწრაფებებს, გვქონდა სპეციალური, ინდივიდუალური განცხადება, სადაც ჩაიწერა, რომ ალიანსი ერთგულია ნატო-ს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. სამიტზე მიღებულ განცხადებაში საუბარია უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ დავაფიქსირეთ და ყოველთვის ვამბობთ, რომ რუსეთი უსაფრთხოების კუთხით ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის რეგიონში. ვხედავთ რუსეთის ნაბიჯებს თქვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადგილი აქვს მილიტარიზაციას, ბორდერიზაციას და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ამ თემებზე საუბარი.

მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, შეასრულოს აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. რაც შეეხება რეფორმებს, საქართველოს შესანიშნავი პროგრესი აქვს და უნდა გააგრძელოს წარმატებული რეფორმები“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.