როუზ გოტემოლერი - 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი იყო
როუზ გოტემოლერი - 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი იყო

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა.

როგორც გოტემოლერმა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, ის არ ფიქრობს, რომ მსგავს სცენარში ნატო დამარცხდება. ამის მიზეზად მან ალიანსის მოქნილობა და ადაპტირებულობა დაასახელა, რის გამოც, მისივე თქმით, ნატო გამოწვევებს პასუხობს და წარმატებას აღწევს.

გადაცემა „კონფლიქტის ზონის“ წამყვანმა, ტიმ სებასტიანმა ამ კონტექტსში რესპონდენტს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და 2014 წელს ყირიმში შეჭრის შესახებ დაუსვა კითხვა.

გოტემოლერმა აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი იყო.

„ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, ხაზი გავუსვათ ნატო-ს შესახებ ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლს, რაც გულისხმობს პრინციპს „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“. ეს კი, ჩვენი თავდაცვითი ალიანსის საკვანძო იდეაა. 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო უდიდესი გამოფხიზლების სიგნალი ჩვენთვის. სრული ცვლილება გამოიწვია ალიანსში უკვე 2014 წელმა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დაეშის, „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებითა და ხალიფატის ჩამოყალიბებით მოსულში, რამაც მოიტანა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან უფრო მკაფიო ბრძოლის აუცილებლობა. ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად მივიღეთ გამაფრთხილებელი სიგნალი, რამაც ალიანსში დიდი ცვლილებები გამოიწვია, რომელთაგანაც ერთ-ერთი და არც თუ ისე უმნიშვნელო იყო თავდაცვის ხარჯების ზრდა და იმაზე ორიენტირება, თუ რა გვჭირდება რეალურად, რომ ამ სახის გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა გოტემოლერმა კითხვის საპასუხოდ.

ბრიტანელი ჟურნალისტი, ტიმ სებასტიანი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ ალიანსის მიერ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს სამხედრო მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის აძლიერებს საზღვაო თუ სახმელეთო ძალებს საზღვრებთან. ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ უკრაინის მხარდაჭერით რუსეთის შეკავება ვერ ხერხდება, რაზეც როუზ გოტემოლერი პასუხობს, რომ უკრაინასთან თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. მან უკრაინის თავდაცვის ძალებთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ასევე, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრობის პირობას ალიანსი პარტნიორ ქვეყნებთან კონკრეტული ვადების დასახელების გარეშე გასცემს, რაზეც გოტემოლერი პასუხობს: „2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ოთხმა ქვეყანამ გამოთქვა წევრობის სურვილი, ნატო-მ კი, მათ თანხმობა გამოუცხადა და უთხრა, რომ ისინი ნატო-ს წევრობას მიიღებდნენ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ საქართველო და უკრაინა, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ რეფორმების გზას გადის. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები, მზად იქნებიან, წვლილი შეიტანონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით ალიანსში, ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი დემოკრატიულ პრინციპებს დაუახლოვდნენ“, – აღნიშნა გოტემოლერმა.