როტერდამში „კოვიდ 19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
როტერდამში „კოვიდ 19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში „კოვიდ 19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ შვიდი ადამიანია დაშავებული, სულ მცირე 20 კი პოლიციამ დააკავა. შეტაკებების დაწყებამდე, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული ახალი შემზღუდველი ზომების შემოღების გამო, როტერდამის ქუჩებში გამოსულმა ასეულობით დემონსტრანტმა პოლიციის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციის მიმართულებით ქვებს და ე.წ. ფოიერვერკებს ისროდნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კოვიდპასპორტის შემოღებას და ახალი წლის ღამეს ე.წ. ფოიერვერკების სროლის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება სიცოცხლისთვის საშიში ვითარების შექმნის გამო იქნა მიღებული. ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი