როსტოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთის რკინიგზის ობიექტები დაზიანდა
როსტოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთის რკინიგზის ობიექტები დაზიანდა

როსტოვის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთის რკინიგზის ობიექტები დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ტელეგრამარხებში ვრცელდება ცნობები, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად დაზიანდა როსტოვის ოლქში მდებარე სარკინიგზო სადგური „ტაცინსკაია“ და ასევე რკინიგზის ქვესადგური „სტარაია სტანიცა“.

როსტოვის ოლქზე დროების შეტევის შედეგად რკინიგზის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის ამსახველ კადრებს უკრაინული ტელეგრამარხები ავრცელებენ.

როგორც უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ აღნიშნავს, სადგური „ტაცინსკაია“ იმ სარკინიგზო ხაზთან ახლოს მდებარეობას, რომელიც როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზასთან მიდის. რაც შეეხება ქვესადგურ „სტარაია სტანიცას“, ის მდებარეობს ქალაქ მილეროვოსთან, სადაც სამხედრო აეროდრომია განლაგებული, რომლიდანაც უკრაინაზე დარტყმები ხორციელდება.

მოგვიანებით დრონებით შეტევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა როსტოვის ოლქში გუბერნატორმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ როსტოვის ოლქში 5 აგვისტოს, ღამით 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, კიდევ 13 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია ბრიანსკის ოლქში, 2 დრონი ჩამოაგდეს კალუგის და 2 სმოლენსკის ოლქებში.

ცნობისთვის, მანამდე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ვოლგოგრადის ოლქის რკინიგზის სადგურზეც.