როსტოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
როსტოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

რუსეთის როსტოვის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. რეგიონის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ცნობით, ერთი დრონი დონის როსტოვის მისადგომებთან ჩამოაგდეს, მეორე კი – ქალაქის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე.

დაშავებულია ერთი ადამიანი. გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი, ასევე სამ შენობაში ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადები.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ერთ-ერთი დრონი სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მახლობლად ჩამოვარდა. დონის როსტოვის ცენტრში, სადაც დრონი ჩამოვარდა, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ამოქმედდა. გარდა ამისა, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ტელეგრამარხში წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქშიც ჩამოაგდეს. კერძოდ, მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, დრონის ნამტვრევები ქალაქ რამენსკოეში, „ჟუკოვსკის“ აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.