როსტომ ჩხეიძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
როსტომ ჩხეიძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი როსტომ ჩხეიძე იქნება. დღეს მის კანდიდატურას კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს. როსტომ ჩხეიძემ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი, მის დამსახურებებზე ისაუბრეს.

„მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება სრულფასოვანი, ისე, როგორც თანამშრომლობას შეეფერება. ძალიან მნიშვნელოვანი დროა. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და ეს ენერგია ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ნობელი რომ არ გვაქვს აქამდე, ეჭვი არ მეპარება, ამას ჰაერზე არ ვამბობ, ამ ათ წელიწადში ლიტერატურაში ან მოვიპოვებთ ნობელს, ან შევქმნით ამის საფუძვლებს. ოღონდ ამას ერთი და ორი კაცი ვერ გავაკეთებთ, ამას სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა, პირობების შექმნა. სამხრეთამერიკელები რომ გახმაურდნენ, ცალკე იმხელა თანხა ჩადეს და კრიტიკოსები მიაყარეს ევროპას, მერე თითო-ოროლა კაცმა გაიმარჯვა. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან დიდი რესურსი და მინდა, გამოვიყენოთ. უშუალოდ ჩვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მზად ვარ თანამშრომლობისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

დეპუტატმა ქეთი დუმბაძემ აღნიშნა, რომ როსტომ ჩხეიძეს დიდი როლი მიუძღვის იმაში, რომ ქვეყანაში არსებობს თანამედროვე ლიტერატურის კვლევა და კრიტიკა.

„ძალიან უხერხული იქნება ჩემგან, რომ ბატონ როსტომზე არ ვთქვა ორი სიტყვა. უხერხული იქნება ისიც, რომ ბევრი საქებარი სიტყვა ვთქვა, მაგრამ ის, რომ დღეს ლიტერატურული პროცესი არსებობს და არსებობს თანამედროვე ლიტერატურის კვლევა და კრიტიკა, ბატონი როსტომის ძალიან დიდი როლი და დამსახურებაა ამაში“, – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ კულტურა საზოგადოებას აერთიანებს.

„ვფიქრობ, სწორედ ახლა კულტურის პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი დაძაბულობა, პოლარიზაცია არის ქვეყანაში. თუკი კულტურის კომიტეტის შექმნას ჰქონდა აზრი, სწორედ ამიტომ. ქვეყნის ინტერესებით მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც გვესმის, რა არის კულტურა, რა მნიშვნელობა აქვს მას, ალბათ უნდა გავერთიანდეთ და ბატონი როსტომის მობრძანებას ჩვენ სიხარულით ვეგებებით, ისევე, როგორც ოპოზიციონერ კანდიდატებს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, მიესალმებიან ოპოზიციონერების კონსტრუქციულ ნაბიჯებს.

„ეს არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც კეთდება პოლიტიკა. ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პოლიტიკის კონსტრუქციულად წარმოებისთვის და საპარლამენტო ცხოვრების მწყობრ რიტმში განვითარებისთვის არის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან გადადგმული, მივესალმებით. პირიქით, გამოვთქვამთ იმედს, რომ აქტიურად იქნება ჩართული კომიტეტის საქმიანობაში კომიტეტის ყველა წევრი და რა თქმა უნდა, თავმჯდომარის მოადგილე. რამდენადაც მეტად შემოუერთდებიან ერთიან ხედვას, შარლ მიშელის დოკუმენტს და ზოგადად, ჩვენს სურვილებს, რომელიც საერთო უნდა იყოს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ამ შემთხვევაშიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ქვეყნის კულტურული განვითარება, კულტურული წინსვლა საერთო უნდა იყოს პრინციპების დონეზე. თანამშრომლობისა და ერთად მუშაობის სურვილს გამოვთქვამთ და ეს ძალიან კარგი რესურსი იქნება. წეღანაც ვხუმრობდით და ამას ვიტყვი ხმამაღლა – იქნებ, ის სფეროები ავირჩიოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან; ავიწყებს იმ შეხედულებების, რომლებიც საწინააღმდეგო რელსებზე აყენებენ და შესაძლებელია, ეს უკეთესი და კარგი სეგმენტი აღმოჩნდეს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, პოლიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს შორის, რომ ერთად და ერთობლივად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.