როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა
როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა განაახლა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოებიც.

მათივე ინფორმაციით, სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.

სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.