როს უილსონმა და მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის პერსპექტივები განიხილეს
როს უილსონმა და მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის პერსპექტივები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, აშშ-ს საელჩოში შედგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა და როს უილსონმა ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივები და განათლების სფეროში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა როს უილსონს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის მიმართულებით გაუწია.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „იუესაიდის“ (USAID) პროგრამა „ზრდასთან“. ამერიკული მხარე კი, საქართველოს აქტიურად ეხმარება რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დატოვე კომენტარი