როს უილსონი - ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს 
როს უილსონი - ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს 

ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნების“, „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არ მინდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებებში ღრმად შევიდე. ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს, არის მომატებული პოლარიზება საზოგადოებაში და პარალელურად ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გადაიჭრას. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები იქნება მნიშვნელოვანი სურათი, სადაც საზოგადოება საკუთარ არჩევანით სათქმელს იტყვის”, – განცხადა უილსონმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც საქართველოს ძალიან პოზიტიური მხარეა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანი არჩევნების ოფისში შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვედროდი, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას ეხმარება, ასევე ხელს უწყობს საქართველოს, იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა”, – განაცხადა უილსონმა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ყურადღებით დააკვირდება.