როს უილსონი - ახალი პროექტისთვის „ოპიკის“ დაფინანსების გამოყოფა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას წარმოადგენს
როს უილსონი - ახალი პროექტისთვის „ოპიკის“ დაფინანსების გამოყოფა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას წარმოადგენს

საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ დაფინანსების გამოყოფა საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომელიც „პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას (OPIC) შორის პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, ახალი პროექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საქართველომ და კავკასიის ქვეყნებმა საქართველოს გავლით ახალ ბაზრებზე წვდომა მოიპოვონ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“, –  განაცხდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას (OPIC) შორის პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულება დღეს გაფორმდა, რომელიც ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს“, საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.