რორი ბესტი მსოფლიო თასის შემდეგ კარიერას დაასრულებს
რორი ბესტი მსოფლიო თასის შემდეგ კარიერას დაასრულებს

ირლანდიის ნაკრების ლეგენდარულმა კვაჭმა, რორი ბესტმა, დაადასტურა, რომ მსოფლიო თასის შემდეგ, 15 წლიან კარიერას დაასრულებს.

რორიმ რაგბის თამაში „ბენბრიჯში“ დაიწო, შემდეგ კი „პორტადაუნში“ და ბელფასტისჰარლექვინზში“ თამაშობდა. „ალსტერში“ პროფესიონალური დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, ამ კლუბის ფერებში 219 მატჩი ჩაატარა და 23 ლელო დადო. 2005/6 წლებში კი „ალსტერთან“ ერთად კელტთა ლიგა მოიგო. ის კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპის მქონე მორაგბეა, ირლანდიის ნაკრებში ბესტმა 116 შეხვედრა ჩაატარა და 10 ლელო დადო. „ექვსი ერის“ მოგება კარიერის მანძილზე ოთხჯერ მოახერხა, მათ შორის ორჯერ „დიდი სლემით“.

სწორედ ბესტი იყო ირლანდიელთა კაპიტანი, როდესაც 2016 წელს მათ ახალი ზელანდიის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხეს. 2013 და 2017 წლებში იყო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წევრი.

„შერეული გრძნობებით ვაცხადებ, რომ „ალსტერში“ კარიერას სეზონის ბოლოს დავასრულებ. ვგრძნობ, რომ დრო სწორად შევარჩიე. ძალიან ველი მომავალ მსოფლიო თასს და იმედი მაქვს, რომ ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვდები. შესანიშნავ კლუბში 15 წელი გავატარე და ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოთამაშეების გვერდით მომიწია მოედანზე გასვლა. დიდი მადლობა ყველას, ვინც 2004 წლიდან მხარს მიჭერდა. ბავშვობიდან „ალსტერს“ ვგულშემატკივრობდი და ძალიან გამიმართლა, რომ ამ გუნდის კაპიტნობა მომიწია. „ალსტერი“ ჩემი ოჯახია“, – განაცხადა ვეტერანმა ირლანდიელმა.

ალსტერის“ დირექტორმა, ბრინ კანინგჰემმა ბესტს კლუბის ყველა დროის საუკეთესო წევრი უწოდა –

„არც ერთ მოთამაშეს ჩვენი კლუბის ისტორიაში არ ჰქონია იმხელა გავლენა, რაც რორის. როდესაც ის ოთახში შემოდის, ყველა მის სიტყვებს ელოდება. ვარჯიშისას ის ყველასგან მაღალ სტანდარტს ითხოვს, ხოლო მატჩისას მოთამაშეები სწორედ მისგან ელიან ლიდერობას. ის ჩვენი გუნდის თილისმაა. ბესტი ირლანდიური რაგბის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა იქნება.“