ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, იბიცაზე საავადმყოფოში მოხვდა. Yahoo Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ფილტვების ანთება სჭირს.
41 წლის ბრაზილიელი კან მისის საავადმყოფოში პარასკევს გადაიყვანეს და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმების თქმით მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც პოპულარული სპორტული გამოცემები წერენ, რონალდომ გუშინ ღამე კერძო საავადმყოფოში გადასვლა მოითხოვა.
კან მისეს თანამშრომლებმა რონალდოს შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს. ის დაწესებულებაც, რომელშიც ახლა ბრაზილიელი იმყოფება ასევე უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე.
რონალდო 2002 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვებული ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. იგი იბიცაზე კერძო სახლს ფლობს და იქ დასასვენებლად მცირე ხნის წინ ჩავიდა.
მან ფეხბურთის თამაშს თავი 2011 წელს დაანება. რონალდომ საკლუბო დონეზე 414, ხოლო სანაკრებო დონეზე 62 გოლის გატანა მოახერხა.