რონალდომ კარიერაში 986-ე გოლი გაიტანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – „ალ-ნასრი“ „ალ-აჰლისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

00:15, 21.11.2026

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის გადადებულ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-აჰლისთან“ 1:3 დამარცხდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კარიერაში 986-ე გოლი გაიტანა, ასევე მან პენალტი ვერ გამოიყენა.

ჯედაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე რონალდუმ გახსნა და თავის გუნდს უპირატესობა მოუპოვა. ოთხ წუთში პორტუგალიელს დუბლის შესრულების შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანიდან ბურთი ძელს გაარტყა.

გამოუყენებელი შესაძლებლობის შემდეგ მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს. პირველი ტაიმის მიწურულს გალენომ შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 71-ე წუთზე კი აივან ტოუნიმ ზუსტად შესრულებული პენალტით „ალ-აჰლი“ დააწინაურა.

ოთხ წუთში როჟერ იბანიესმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

41 წლის რონალდოს კარიერაში უკვე 986 გოლი აქვს გატანილი და ისტორიულ, 1000-გოლიან ნიშნულამდე მხოლოდ 14 გოლი აშორებს.

ამ მარცხის შემდეგ „ალ-ნასრი“ 28 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დარჩა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ ორი ქულით ჩამორჩება. „ალ-აჰლი“ კი 24 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

მსგავსი