მსოფლიო ჩემპიონატზე განასა და პორტუგალიის მატჩი ევროპელების გამარჯვებით დასრულდა 3:2. ანგარიში 65-ე წუთზე ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ გახსნა, რომელმაც პენალტი მოიპოვა და შემდეგ საჯარიმო დარტყმა თავად გამოიყენა.
საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესის ბანერის წინ აღნიშნა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი თავისი საფირმო ჟესტის გასაკეთებლად ტრიბუნებისკენ გაემართა, სადაც არგენტინელი ვარსკვლავის უზარმაზარი ბანერი ეკიდა.
ცხადია, რონალდო გოლის აღნიშვნისას არგენტინელ ვარსკვლავთან ტრადიციულ ქიშპზე არ ფიქრობდა და ეს დამთხვევა იყო, მაგრამ ამ ორი ლეგენდის ერთად გამოჩენამ მაინც დიდი ემოციები გამოიწვია.
კრიშტიანო რონალდომ კი ამ გოლით ისტორია დაწერა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი პირველი ფეხბურთელია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ხუთ მუნდიალზე მოახერხა გოლის გატანა და უახლოესი რვა წლის განმავლობაში მის რეკორდს ვერავინ გააუმჯობესებს.