რონალდო ჩემპიონთა ლიგიდან ლიონმა გაისტუმრა, რეალი - გვარდიოლამ (ვიდეო)
01:19, 08.08.2020
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. გულშემატკივართა ნაწილს სჯეროდა, რომ პირველ მატჩებში მინიმალური წაგების მიუხედავად კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსი“ და ზინედინ ზიდანის „რეალი“ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდოდნენ, მაგრამ…
„ლიონმა“ ტურინელებს მე-12 წუთზე გაუტანა და მასპინძლებს საქმე ძალიან გაურთულა – მეოთხედფინალში გასასვლელად სამი უპასუხო ბურთის გატანა სჭირდებოდათ. ორი გაიტანეს – რონალდომ თავისი მისია შეასრულა, თუმცა მისი ორი გოლი მეოთხედფინალს არ ეყო.
მანჩესტერელებმა განმეორებით მატჩშიც დაამტკიცეს, რომ ამ წელს „რეალზე“უკეთესები არიან, შინაც იმ ანგარიშით მოუგეს, როგორითაც სტუმრად. შედეგად, 1/4 ფინალში ერთმანეთს „სიტი“ და „ლიონი“ დაუპირისპირდებიან.