რონ დესანტისი - უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა, აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში არ შედის
რონ დესანტისი - უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა, აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში არ შედის

უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ ფლორიდის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად და დონალდ ტრამპის მთავარ მეტოქედ მოიაზრება 2024 წლის არჩევნებზე.

რესპუბლიკელი კანდიდატების და შესაძლო პრეტენდენტების მიერ შევსებული კითხვარის პასუხები „ფოქს ნიუსის“ ტელეწამყვანმა, ტაკერ კარლსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„მაშინ, როდესაც აშშ-ს აქვს მრავალი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი – ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კრიზისის გადალახვა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის გამოწვევა – უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩართვა არ არის ერთ-ერთი მათგანი“, – აღნიშნავს დესანტისი.

დესანტისის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ამ კონფლიქტის დაფინანსებას „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, ყოველგვარი განსაზღვრული მიზნებისა ან ანგარიშვალდებულების გარეშე, „გადააქვს ყურადღება აშშ-ის ყველაზე მწვავე გამოწვევებიდან“.

რაც შეეხება ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, შეკითხვაზე, უნდა დაუჭიროს თუ არა აშშ-მა მხარი რეჟიმის ცვლილებას რუსეთში, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „არა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი რეჟიმის ცვლილებას აშშ-ში, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ ის არის, ვინც ამ არეულობაში ჩაგვაგდო“.