რომში პოლიციასა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
რომში პოლიციასა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

რომში პოლიციასა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საპროტესტო გამოსვლაში ულტრამემარჯვენე ძალების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ ნაგვის კონტეინერები დაწვეს და დააზიანეს ავტომობილები. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

მანამდე, ერთი დღით ადრე შეზღუდვების წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა მილანსა და ტურინში. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დაშავდა 11 პოლიციელი. აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს.

იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რის გამოც ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, 26 ოქტომბრიდან დაიხურა თეატრები, აუზები, სპორტ-დარბაზები. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა სწავლას დისტანციურად განაგრძობს. საღამოს 06:00 საათამდე შეიზღუდა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა.

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 994 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 221 ინფიცირებული. ქვეყანაში მაისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 200-ს გადააჭარბა.