რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავებულია ოთხი ადამიანი
რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავებულია ოთხი ადამიანი. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებულის ნანგრევებიდან გამოყვანის ოპერაცია კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველების თქმით, ის ცოცხალია და საუბარზე რეაგირებს.
იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კოლიზეუმთან ახლოს მდებარე შუა საუკუნეების კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილას მაშველებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის გასაადვილებლად ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით აკრძალა.
ნგრევის გამომწვევი გარემოებების გამოძიება დაწყებულია.
ცნობისთვის, რომში მდებარე ისტორიული კოშკი 1238 წელს, პაპ ინოკენტი III-ის ძმამ, რიჩარდ კონტიმ ააშენა, როგორც რეზიდენცია თავისი ოჯახისთვის.