რომის ტურნირი უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მოიგო

17:35, 20.05.2018

რომში ქალთა შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული უკრაინელი ელინა სვიტოლინა გახდა. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა WTA-ის კლასიფიკაციის ლიდერი, რუმინელი სიმონა ჰალეპი – 6:0, 6:4 და დაიცვა შარშან მოპოვებული ტიტული.

ფინალი ერთი საათისა და 8 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სვიტოლინამ საკუთარ გეიმებში – მხოლოდ 11 ქულა დათმო და მეტოქეს არც ერთი ბრეიკპოინტის შანსი არ მისცა. რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, უკრაინელმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხჯერ აიღო ჰალეპის მოწოდება.

23 წლის სვიტოლინასთვის ეს არის მე-12 ტიტული კარიერაში და მესამე – წლევანდელ სეზონში. მანამდე მან ბრისბენსა და დუბაიში გაიმარჯვა.

სიმონა ჰალეპმა რომის ნახევარფინალში რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა და ამით შეინარჩუნა კლასიფიკაციაში პირველი ადგილი. რუმინელი მოახლოებულ როლან გაროსს პირველი ჩოგანის რანგში შეხვდება.

მსგავსი