რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო მესა აღავლინა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო მესა აღავლინა. სააღდგომო წირვას ვატიკანში ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

ქადაგებისას პონტიფიკოსმა მრევლს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ცინიზმს და უარი თქვან სიმდიდრის ბრწყინვალების დევნაზე.

„ნუ დამარხავთ იმედს!“ – განაცხადა ფრანცისკემ მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ცუდად მიდის, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია.

„ჩვენ გავხდით ცინიკურები, ნეგატიურები და უიმედოები“, – განაცხადა რომის პაპმა.

„უფალი აქარვებს ყველაზე მძიმე სირთულეებსაც კი, რომელთა წინაშე ჩვენი იმედები და მოლოდინები იმსხვრევა, ესენია: სიკვდილი, ცოდვა, შიში“, – განაცხადა ფრანცისკემ ქადაგებაში.

„არსებობს კიდევ ერთი სიმძიმე, რომელიც გულს ხურავს. ეს არის ცოდვის სიმძიმე. ცოდვა გაცდუნებს, ის გპირდება მარტივ და სწრაფ მიღწევებს, კეთილდღეობას, წარმატებას, თუმცა ტოვებს მხოლოდ მარტოობასა და სიკვდილს. ცოდვა ეძებს სიცოცხლეს სიკვდილში, ცხოვრების აზრს წარმავალში“, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიის დაწყებისას წმინდა პეტრეს ტაძარი ჩაბნელებული იყო, დარბაზში მხოლოდ სანთლები ენთო. „ქრისტეს ნათელის“ საგალობლის დროს კი, ბაზილიკაში მოულოდნელად სინათლე აინთო.

სააღდგომო წირვის დროს ფრანცისკემ რვა ადამიანი მონათლა, მათ შორის იყვნენ იტალიის, ალბანეთის, ეკვადორის, პერუს და ინდონეზიის მოქალაქეები.

21 აპრილს, შუადღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე წირვის შემდეგ ტრადიციულ კურთხევას  – „ქალაქსა და მსოფლიოს” („Urbi et Orbi”) აღავლენს.