რომის პაპმა ცრუ ინფორმაციის გავრცელება ეშმაკის მიერ ცდუნებას შეადარა
რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა ინტერნეტსივრცესა და მედიაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ბიბლიურ ეპიზოდს შორის პარალელი გაავლო.
პონტიფიკოსი მიიჩნევს, რომ პირველი ყალბი ინფორმაცია ეშმაკმა გაავრცელა.
მისივე თქმით, სწორედ ამ სიცრუით აცდუნა მან ევა ედემის ბაღში და უბიძგა, ღმერთის მიერ აკრძალული ნაყოფი გაესინჯა.
კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, დაიცვან საზოგადოება ცრუ ინფორმაციის, იგივე Fake News-ების ზემოქმედებისგან, რომელსაც სავალალო შედეგები ახლავს თან.
„თქვენ ნათელი უნდა მოფინოთ იმ ფაქტებს, რომლითაც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები ეშმაკისეული ტაქტიკით მანიპულირებენ. ცრუ ინფორმაციასთან სიმართლის დაპირისპირება ჟურნალისტისთვის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ დიდი სულიერი მისიაა“, – წერია რომის პაპის მიერ შედგენილ დოკუმენტში, რომელსაც „ჟურნალისტიკა მშვიდობისთვის“ ეწოდება.