რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს
რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს.
თუმცა, მისივე თქმით, ადამიანებს კრიტიკის უფლება აქვთ.
„ეკლესიის მისიაა სახარების ქადაგება, მშვიდობის ქადაგება. ვინმეს თუ სურს ჩემი კრიტიკა იმის გამო, რომ სახარებას ვქადაგებ, გააკეთოს ეს სიმართლეზე დაყრდნობით. ეკლესია უკვე მრავალი წელია, მკაფიოდ გამოდის ყველა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, ამიტომ ამაზე ეჭვი არ არსებობს. მე კი, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ მომისმენენ ღვთის სიტყვის მნიშვნელობის გამო. თავდაცვა ტრადიციულად ეკლესიაში ყოველთვის დასაშვებად ითვლებოდა. დღეს ომის თემაზე საუბარი ძალიან რთული საკითხია და მისი მრავალ დონეზე გაანალიზება გვიწევს. თუმცა ბირთვულ ეპოქაში შესვლის შემდეგ, ომის მთელი კონცეფცია თავიდან უნდა გადაიხედოს თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბევრად უკეთესია დიალოგში შესვლა, ვიდრე იარაღის ძიება და სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერა, რომელიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შოულობს. ამის ნაცვლად, სჯობს, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გადავჭრათ ჩვენი პრობლემები და ფინანსური რესურსები მივმართოთ ჰუმანიტარული საკითხებისკენ – როგორიცაა შიმშილი მსოფლიოში და სხვა“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლეო XIV კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის. „კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, – აღნიშნა ტრამპმა.