რომის პაპი - იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.
მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა საერთაშორისო სამართალს არღვევს.
„როგორც ყველამ ვიცით, იყო ასეთი მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, ლეო XIV-მ „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს“ მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.
„ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი ახლო აღმოსავლეთში დიდი არასტაბილურობით, რაც მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ სიძულვილს აღვივებს. ამიტომ დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოდი, ვისაუბროთ, მოვძებნოთ გადაწყვეტილებები მშვიდობიანი გზით. მოდით, გავიხსენოთ, განსაკუთრებით უდანაშაულოები – ბავშვები, ხანდაზმულები, ავადმყოფი ადამიანები, ადამიანები, ვინც უკვე გახდა ან გახდება ამ მიმდინარე ომის მსხვერპლი. უნდა შევახსენოთ ყველას, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, ეს ასევე არის სიძულვილის, დაყოფის და იმ განადგურების ნიშანი, რომლის ჩადენაც ადამიანს შეუძლია. ჩვენ, ყველას გვსურს მშვიდობისთვის მუშაობა. ხალხს სურს მშვიდობა. მოვუწოდებ ყველა მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ ხელისუფლებას – პოლიტიკურ ლიდერებს, კონგრესმენებს და უთხრან მათ, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის, ყოველთვის უარყონ ომი“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება“.