რომის პაპი აცხადებს, რომ გადადგება, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა
რომის პაპი აცხადებს, რომ გადადგება, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა

რომის პაპის განცხადებით, ის შეიძლება გადადგეს, თუმცა ჯერ არ აპირებს. როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს, ის მაშინ მიიღებს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ ჩათვლის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს მოვალეობა და ემსახუროს ხალხს.

ეს განცხადება პონტიფიკოსმა კანადაში ვიზიტის დასასრულს გააკეთა.

როგორც 85 წლის რომის პაპი ამბობს, ამ ეტაპზე ის გადადგომას არ აპირებს და საქმიანობას გააგრძელებს.

„პაპის შეცვლა კატასტროფა არ გახლავთ. ეს არ არის ტაბუ. კარი ღიაა – ეს ნორმალური შესაძლებლობაა, მაგრამ დღეს მე ჯერ ამ კარზე არ დამიკაკუნებია. მე არ მიგრძვნია, რომ ამ შესაძლებლობაზე დავფიქრებულიყავი. ეს არ ნიშნავს, რომ ორ დღეში შესაძლოა ამაზე ფიქრი არ დავიწყო“, – განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპს ბოლო თვეებში მუხლის ტკივილი აწუხებს, რაც მისი გადაადგილების შესაძლებლობაზე აისახა. კანადაში ვიზიტის განმავლობაში ის ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.