რომელუ ლუკაკუ თურქულ „ფენერბახჩეში“ გადასვლას მიუახლოვდა #1TVSPORT
რომელუ ლუკაკუ საფეხბურთო კარიერას თურქულ „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება და ის დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების უფლებასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე სტამბოლური კლუბი ტრანსფერის ღირებულებაზე „ნაპოლისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.
ნეაპოლელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს მიღება სურთ, ვინაიდან შემოსული თანხის 40% ლონდონის „ჩელსის“ უნდა გადაერიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ლუკაკუს „ბეშიქთაშის“, „ტრაბზონსპორისა“ და „ატლანტა იუნაიტედისგანაც“ ჰქონდა შემოთავაზებები, მან ყველა უარით გაისტუმრა, რადგან მისი მთავარი სურვილი სწორედ „ფენერბახჩეში“ გადაბარგებაა.
კარიერის მანძილზე რომელუ ლუკაკუს ისეთი გუნდების მაისურით უასპარეზია, როგორებიცაა: „ანდერლეხტი“, „ვესტ ბრომვიჩი“, „ევერტონი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ინტერი“ და „რომა“.