რომელი შეზღუდვები შენარჩუნდება და გაუქმდება 23 მაისიდან საქართველოში

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან, ანუ ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა, რომელი შეზღუდვები უქმდება და ასევე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში საქართველოში 23 მაისიდან .

„დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, მოგვცა საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის გავრცელება,  უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომელიც გულისხმობს და რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც და ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე,  ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში  შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.

„გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგაც ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავაც შეზღუდული, გარდა ონლაინვაჭრობისა. ასევე შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აქვე დავძენ, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

„ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ქვეყანაში კონკრეტული მომენტისათვის.

„სრული დატვირთვით გააგრძელებს აღნიშნული საბჭო ფუნქციონირებას, ასევე, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და, რა თქმა უნდა, იფუნქციონირებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

იმ ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გატარდა, მოგვცა შესაძლებლობა, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისთვის 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, მიიღოს პირველი საერთაშორისო ტურისტები, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ყველამ დაიცვას არსებული რეკომენდაციები.

„აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.