რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - თეა წულუკიანის განმარტებები
რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - თეა წულუკიანის განმარტებები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი-ხუთი კატეგორიის საქმეებზეა საუბარი, რომლებზეც გენერალური ინსპექციები აღარ იქნებიან უფლებამოსილნი და ეს საქმეები წავა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმში.

წულუკიანის თქმით, ეს კატეგორიებია: დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება, ძალადობის მუქარა, ასევე თუ სიკვდილით დასრულდება მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც ის არის სახელმწიფოს ხელში.

პირველი არხის ჟურნალისტის გიორგი კობერიძის კითხვაზე, გარდა იმისა, რომ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი, კიდევ რა ფუნქციები ექნება ამ ორგანოს და რატომ გადაწყდა მისი შექმნა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ჯეროვნად ვერ ასრულებენ ფუნქცია-მოვალეობებს, წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას პრაქტიკაში აქვს დანერგილი პრინციპი, ერთ უწყებაში სავარაუდო დანაშაულის ფაქტები სხვა უწყებამ გამოიძიოს, თუმცა ამას კანონით სჭირდება გამყარება.

„აქ არ არის საუბარი ჯეროვნად ასრულებენ თუ არა. ელემენტარული პრინციპია, რასაც ჩვენ პრაქტიკაში უკვე მეხუთე წელია ვცდილობთ, დავიცვათ, მაგრამ არ გვაქვს კანონით გამყარებული. კერძოდ, როდესაც რომელიმე სისტემაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს მოქალაქე, იმისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებას ჰქონდეს დაზარალებულის და ასევე საზოგადოების ნდობა, ის უნდა გამოიძიოს სხვამ, ვიდრე იმან, ვისაც საყვედურობენ, რომ ჩაიდინა დანაშაული. ეს არის გამოძიების მიუკერძოებლობის ელემენტარული პრინციპი, რის გარეშეც არ არსებობს შემდეგ უკვე სისხლის სამართლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, როდესაც საქმე წავა სასამართლოში. ამიტომაც ჩვენ ასეთი რამ გავაკეთეთ პრაქტიკაში – როგორც კი მოქალაქე დაიჩივლებს, რომ მაგალითად, ქართულ ციხეში მომექცნენ დამამცირებლად ან არაადამიანურად, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ამგვარი სავარაუდო შემთხვევები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ციხის რეფორმა გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სხვა რეფორმებთან ერთად. მიუხედავად ამისა, როდესაც ამგვარი განცხადებები არსებობს, იმისათვის, რომ გამოძიებას ჰქონდეს ნდობა, ეს საქმე არ უნდა გამოიძიოს სასჯელაღსრულების გამომძიებელმა. ამიტომაც ავტომატურად საქმე მიდის ხოლმე პროკურატურაში და პროკურატურა იძიებს, მაგრამ იდეა, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ პრაქტიკით კი არა, არამედ კანონითაც იყოს გამყარებული, ეს არის სწორედ ის, რაც აისახა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში, სადაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შევქმნიდით ასეთ მექანიზმს. რატომ პარლამენტი, იმიტომ, რომ იმ პროექტით, რაც ჩვენ იუსტიციის სამინისტროში შევიმუშავეთ, ვთავაზობთ მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს, სწორედ ეს ხელმძღვანელი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისადმი, თუკი ეს მოდელი იქნება გაზიარებული, რაზეც მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და მე იმედი მაქვს, მალე დამთავრდება ეს პროცესი. უკვე ამ კონსულტაციებში ჩაერთვება ახალი მინისტრი, გიორგი გახარია, რადგან ეს მხოლოდ ციხეს არ ეხება, როგორც იცით ეხება ჯარში ჩადენილ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას. მე არ ვსაუბრობ წამებაზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პირველი არხის ჟურნალისტისა და გადაცემის წამყვანის კითხვებზე, კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულებს გამოიძიებს ახალი უწყება და ხომ არ მოხდება გენერალური ინსპექციის ფუნქციების დუბლირება, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დუბლირება არ მოხდება და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეები გადაეცემა ახალ უწყებას.

„დუბლირება არ ხდება იმიტომ, რომ გენერალური ინსპექციები დარჩება შესაბამის უწყებებში, ოღონდაც იმ 4-5 კატეგორიაზე საქმეების, რომელზეც არის საუბარი, ისინი აღარ იქნებიან უფლებამოსილი. ეს კატეგორიებია: დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, ყველაზე მაღალი ხარისხი არაადამიანური მოპყრობის, რაც არის წამება, ასევე ძალადობის მუქარა, მაგალითად მოთხოვნა იმისა, ზეწოლის და ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ – შეცვალე ჩვენება, ან არ მისცე ჩვენება ციხის ბადრაგის წინააღდეგ, მაგალითად ეს. ასევე თუ სიკვდილით დასრულდება მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც ის არის სახელმწიფოს ხელში, რა თქმა უნდა იქნას გამოძიება ჩატარებული და ეს საქმეებიც წავა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმში. ეს არის კატეგორიები დანაშაულის, რაც ჩვენს პროექტშია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს გახდება კანონი და თუკი ამ მოდელზე შევჯერდებით, ჩვენი პარლამენტი შეარჩევს ხელმძღვანელს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.