„რომას“ აკადემიის ქართველი მწვრთნელი შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალს დაესწრო #1TVSPORT
დასრულდა „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“, რომელიც საერთო ყურადღების მიღმა დარჩა, არადა, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – მას იტალიური გრანდის, „რომას“ წარმომადგენელი ესწრებოდა.
„შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“ შავის ზღვის სანაპიროსთან მდებარე 5 ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ურეკსა და ლანჩხუთში 8 დღის განმავლობაში ტარდებოდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 43 გუნდი (20 აღმოსავლეთ საქართველოდან, 23 – დასავლეთ საქართველოდან) და 700-მდე ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში აქცენტი მოგება-წაგების ქულებზე არ კეთდებოდა, ვინაიდან ეს სისტემა ფესტივალის პრინციპს ეწინააღმდეგება – მთავარი მიზანი ფეხბურთის განვითარება, პოპულარიზაცია და ჯანსაღი გარემოს შექმნა გახლდათ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდს მოუწია მინიმუმ ერთი ფინალის თამაში, რომელიც ზემოთ ხსენებულ ლოკაციებზე ტარდებოდა და მათი სახელობითი თასი ეწოდა, სადაც მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებით და სიგელებით.
ორგანიზატორებმა ფესტივალზე იტალიიდან მოიწვიეს საფეხბურთო კლუბ „რომას“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი და იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის წევრი ბატონი ზურაბ მჭედლიძე, რომელიც ფესტივალის მსვლელობას და მონაწილე ბავშვებს აკვირდებოდა. ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ იტალიური ფეხბურთის გრანდთან უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდება.
„რომას“ საფეხბურთო აკადემიის ქართველი მწვრთნელიც იმავეს ამბობს, ამჯერად კი მისი სურვილია, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილე რომელიმე გუნდმა იტალიის საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზოს.
„მოწვეული ვიყავი და ვაკვირდებოდი ტურნირზე გამოსულ ბავშვებს, ორგანიზაციას და კმაყოფილი დავრჩი. სამომავლოდ ბევრი კარგი იდეა გვაქვს და გვსურს, რომ აქედან რომელიმე გუნდი იტალიაში ჩამოვიდეს და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშოს. თუ ეს ფესტივალი გაიზრდება, აქ გუნდებს იტალიიდანაც ჩამოვიყვანთ. მადლობა ფოთს, რომ ასეთი კარგი ტურნირი ჩატარდა“, – ამბობს ზურაბ მჭედლიძე.