„რომას“ აკადემიის ქართველი მწვრთნელი - „რუბინმა“ თანხა რომ შეამციროს, კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლის დიდი შანსი იქნება #1TVSPORT
„რომას“ აკადემიის ქართველი მწვრთნელი - „რუბინმა“ თანხა რომ შეამციროს, კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლის დიდი შანსი იქნება #1TVSPORT

იტალიური ფეხბურთის გრანდის, „რომას“ აკადემიის მწვრთნელმა, ზურაბ მჭედლიძემ საქართველოს პირველ არხთან ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლის შანსები შეაფასა.

39 წლის სპეციალისტი, რომელიც იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის წევრია, დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელით რომელიმე გრანდი აუცილებლად დაინტერესდება.

„რამდენად რეალური შეიძლება იყოს „მილანის“დაინტერესება? კვარაცხელიას თამაშები ბევრჯერ ვნახე და დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს „მილანში“ და მსგავსი დონის გუნდებში თამაში შეუძლია და დარწმუნებული ვარ, დაინტერესდებოდნენ. „მილანის“ მწვრთნელი მე რომ ვიყო, გუნდის პრეზიდენტს „რუბინიდან“ მის გამოსყიდვას აუცილებლად ვთხოვდი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზურაბ მჭედლიძე.

რამდენად რეალურია, რომ „როსონიერიმ“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს? ზურაბ მჭდლიძემ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.

„კვარაცხელია იმდენად ნიჭიერი ფეხბურთელია, მასში ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს. თუმცა, ჩემი აზრით, ყაზანის „რუბინმა“ თანხა რომ შეამციროს, ამ ტრანსფერის განხორციელების დიდი შანსი იქნება. იტალიურ კლუბებს ადრინდელივით არ ულხინთ. მათ პანდემიამ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. ჩემი აზრით, ახლა „მილანისთვის“ 20 მილიონის გადახდა გაუჭირდება“, – აცხადებს მჭედლიძე.