რომან კაკულია - ვწუხვარ, რომ საპატრიარქომ თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება იმ ნაღმებს, რომელიც იყო ჩადებული
ძალიან ვწუხვარ, რომ თავის დროზე საპატრიარქომ ყურადღება იმ ნაღმებს არ მიაქცია, რომელიც ჩადებული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე განუცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, შიგნიდან პროცესები ისე წარმართა, რომ გარედან ძალიან ბევრი პროცესი აფეთქდა.
მისივე თქმით, საპატრიარქოში თვითკრიტიკისა და თვითდაწმენდის მექანიზმი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.
„იმ პროცესებს ვგულისხმობ, რომელიც წლების წინ დაიწყო. თუ ამ ყველაფერში რაიმე პოზიტიურია, ის არის, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას მოუწევთ, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადახედონ როგორც ერთმანეთთან ურთიერთობის როლს, ასევე საპატრიარქოს მოუწევს, თავის როლსა და ფუნქციას ქვეყნის განვითარების ისტორიაში. გამონათქვამი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ შემთხვევაშიც რელევანტურია. რაც შეეხება იმას, დღეს რა ხდება, ცხადია, მიზანმიმართული ქმედებების კვალს ვხედავ. თუმცა, ბევრი საკითხი თავად საპატრიარქომ უნდა მოაგვაროს და ჩარევა ზედმეტია. არის საკითხები, რაზეც საზოგადოება პასუხებს მოითხოვს. რაც უნდა შიდა პრობლემები იყოს, პასუხების გაცემა საჭიროა“, – განაცხადა კაკულიამ.