რომან კაკულია - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ
რომან კაკულია - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ, ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობროვი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ბანკებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო, რომ ის რეალობა, რომელიც დადგა, ყველასთვის ცხადია.

„ყველა ხედავს, როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი დაისვა, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით, ის გულისხმობდა, რომ როცა მთავრობის მეთაური ხარ და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, ვალდებულება გეკისრება. რამდენად იყო სუბიექტური ფაქტორები და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ეს ვისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა, ეს თავის თავზე იმან მიიღოს. თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა კაკულიამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა, რომელიც პოლიტიკაში მის დაბრუნებას და პარტია „ქართული ოცნების“ გეგმებს უკავშირდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა და უნდა წასულიყო.