რომან კაკულია - უკრაინის ომი ისეთ ფაზაში გადადის, ყველას იმედი აქვს, დასრულდება, თორემ ხომ გვახსოვს, რა სიტუაცია იყო, ვიდრე ტრამპი მოვიდოდა, ჩვენთან ყველაფერი ბეწვზე ეკიდა
რომან კაკულია - უკრაინის ომი ისეთ ფაზაში გადადის, ყველას იმედი აქვს, დასრულდება, თორემ ხომ გვახსოვს, რა სიტუაცია იყო, ვიდრე ტრამპი მოვიდოდა, ჩვენთან ყველაფერი ბეწვზე ეკიდა

უკრაინის ომი ისეთ ფაზაში გადადის, რომ ყველას იმედი აქვს, დასრულდება, თორემ ერთი წუთით რომ გადავიდეთ უკან, არ გვახსოვს, რა სიტუაცია იყო, ვიდრე ტრამპი მოვიდოდა? ჩვენთან ხომ ბეწვზე ეკიდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, აქ მომხდარიყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს, რომ რუსეთისთვის 2014 წლის შემდეგ ერთი პაკეტის ნაწილი იყო ფერადი რევოლუცია, ევროკავშირი და ნატო, მაგრამ ამაზე არავინ არ მსჯელობდა ასე. რუსეთმა იცოდა, ფერად რევოლუციას მოჰყვება ევროკავშირი, ევროკავშირს მოჰყვება ნატო. დღეს როგორც არ უნდა მოგვარდეს ეს ომი, ევროკავშირს აქვს გადაბარებული ძირითადად რუსეთ-უკრაინის თემა და ეს თემა თუ უფრო მეტად გადაბარდა ევროკავშირს, ახლა რუსეთისთვის ევროკავშირი გაცილებით მეტი ურთიერთდაძაბვის არეალი გახდება, ვიდრე მაშინ იყო. ამიტომ ახლა ჩვენთან დამოკიდებულება შეიცვლება ზუსტად იქიდან გამომდინარე, რუსეთი ჩვენ მიმართ დაშლის ამ პაკეტს თუ არ დაშლის. რუსეთისთვის თუ ჩვენი ევროკავშირში მისწრაფებაც იმ პაკეტის ნაწილია, რომელზეც მას იგივე რეაქცია ექნება, რაც უკრაინაზე აქვს, ჩვენ ეს გვაქვს პირველ რიგში გასარკვევი და აქედან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ ამერიკული დახმარების მხრიდან. ჩვენ აქ ძალიან რომ აღვფრთოვანდით, კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, მე ამ აღფრთოვანებას ვერ ვიზიარებდი, რადგან ყოველთვის ასე ვუყურებდი ამას. სულ მახსოვდა ეს თემა, რადგან რუსეთს პირდაპირ ჰქონდა გაცხადებული. უბრალოდ, აქ არავინ არ განიხილავს ამ თემას. მან თქვა, ეს ერთი პაკეტის ნაწილია ჩემთვისო და მე თუ ნატო-სთან თავიდან არიდება მინდოდა გართულების, რადგან არასათანადო დახმარებას ველოდი იქიდან, თუ ევროკავშირიც ასე უნდა განიხილოს რუსეთმა, მაშინ ჩვენთვის იგივე საჭიროება დგება, ხომ, მხარდაჭერის და დახმარების მათი მხრიდან“, – განაცხადა კაკულიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმავე ლიბერალურ დღის წესრიგთან, USAID-თან და ა.შ. დაკავშირებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებებს ემთხვევა, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ჩვენ შორის ასეთი იდეოლოგიური თანხვედრა რომ არსებობს, ეს ერთ-ერთი კარგი ელემენტია, მაგრამ ასე გამარტივება არ შეიძლება და როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოსთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ზემოთ აღნიშნული აღქმის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ტრამპს.

„რუსეთს უკვე გაცხადებული აქვს, რომ მისთვის ევროკავშირი უკვე, ფაქტობრივად, ნატო გახდა იმ დაძაბულობიდან გამომდინარე, რაც მათ შორის უკვე არის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თან ახლა დელეგირება რადგან მოხდა ევროკავშირისთვის, ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი უკვე უნდა განვიხილოთ იმავე საკითხში. ანუ, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად აბსოლუტურად იმავე ტიპის წინააღმდეგობისათვის, რაზეც აქ არავინ საუბრობს. ჩვენთან ისე არის ხოლმე ეს საკითხი წამოჭრილი, თითქოს მხოლოდ არჩევანის თემაა, რომ ვიღაცას ძალიან კარგად ესმის ევროპული ღირებულებები და არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, მოსწონთ ავტორიტარული რეჟიმები ბევრი მიზეზის გამო და ვითომ ამიტომ არ ესმით, მაგრამ საკითხი ამაში არ არის. ამიტომ როგორი იქნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა, ურთიერთობა იქნება ზუსტად ისეთი, როგორ პასუხსაც გასცემს ამერიკა რუსეთის ამ დაუშლელ პაკეტს. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი პაკეტის ნაწილი ვართ. აქ რომ ფერადი რევოლუციების მცდელობები იყო, ვისაც ამაში ეჭვის ეპარება, არ ვიცი, იმას რა უნდა ვუთხრა“, – განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიამ ასევე განაცხადა, რომ ჩვენ როდესაც კონსტიტუციაში ვწერდით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ, ამას ფიქრი დავაკელით.

„მარტივი აზრობრივი კონსტრუქციაა, როდესაც შენ გინდა, გახდე რამე ორგანიზაციის წევრი, რომელსაც შენი მეზობელი მტრად მიიჩნევს, თუ ეს ორგანიზაცია შენ არ დაგეხმარება, მაშინ ეს მეზობელი შენ დაგაზიანებს. უმარტივესი კონსტრუქციაა, რომელსაც ვერ დაუწუნებ ვერაფერს. არის ასეთი გამოთქმა, ებრაელებისგან მოდისო და მეც ასე ვიცი – თუ არჩევანი არ გაქვს, აირჩიე თავგანწირვა. მე არ მგონია, ჯერ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ჩვენ თავგანწირვა უნდა ავირჩიოთ. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ ყველაფერი, რომ იქნებ გამოვძებნოთ სხვა რამე“, – განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, რომან კაკულიამ ბრიტანელი დაზვერვის ერთ-ერთი გურუს მიერ გაცხადებული მიზნის შესახებ ისაუბრა, რომლის შესახებაც ახლახან წაიკითხა.

„მან თქვა, როდესაც ჩვენ გვინდა, განვახორციელოთ ზეგავლენა რომელიმე ქვეყანაზე და ეს ზეგავლენა დასრულებულად ჩაითვალოს, ეს მაშინ მოხდება, როცა იქაური მოსახლეობის უმრავლესობა მზად იქნება, თავი გაწირონ ჩვენი იდეებისთვისო. ეს კარგად დავიმახსოვროთ ყველამ. ეს პროცესი აქ მიდიოდა. აქ ამ იდეების რევიზიას არ ვაპირებ. უბრალოდ, ამან გახლიჩა საზოგადოება, რადგან ეს იდეები ყველამ ვერ გაიზიარა. იყო ხალხი, ვინც გაიზიარა ისე, რომ მზად არის ამ იდეების გამო თავგანწირვისათვის და არის ხალხი, რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამან საზოგადოების დაშლა გამოიწვია და კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ვისაუბრებთ, რატომ იყო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი და რაღაცები, რომელიც არავინ არ ახსნა. ისეთი უკმარისობის გრძნობა მაქვს, ამ კანონების მნიშვნელობაზე საერთოდ არავინ რომ არ ისაუბრა“, – განაცხადა კაკულიამ.

კაკულიამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გუნდი ახდენს იმიტაციური დემოკრატიის მიმართ გალაშქრებას.